
„ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების გასაუქმებლად მიმართავენ
12/11/2024 11:17:14 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების გასაუქმებლად მიმართავენ. ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა ისაუბრეს.
„ყველა, ვინც ამ სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში“, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
„ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგაზე, რომელიც ფიგურირებდა ჩვენს სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა და არ გადაეგზავნოთ ჩვენი სახელები და გვარები უფლებამოსილების ცნობის შესახებ. ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას“, -განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
თუ წინასწარი შედეგები არ შეიცვლება, მომავალ პარლამენტში „კოალიციას ცვლილევისთვის“ 19 მანდატი ეკუთვნის, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ კი 16.
თუ ცესკო პარლამენტში გადააგზავნის ამ პარტიების სიის წევრებისთვის მანდატების გაცემის შესახებ მოთხოვნას, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად საჭირო გახდება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თანხმობაც.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
- ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მომავალ პარლამენტში ოთხი ოპოზიციური პარტია შედის. მათგან ორი სიების გაუქმებას აპირებს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გეგმა აქვთ პარტიებს: „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია - საქართველოსთვის“.