
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე საბა ბუაძე გამოჰკითხეს
12/11/2024 11:54:27 პოლიტიკა, სამართალი
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე.
„კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც ამ გამოძიებას აქვს. აქ კითხვები არ დასმულა იმისათვის, რომ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით მიეღო გამოძიებას ინფორმაცია. ეს არის წინასწარ ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მოტივაციით შედგენილი შეკითხვები. მე დღეს წარვადგინე კონკრეტული ფაქტი, სადაც ვიდეოზე აღბეჭდილი არის გარდაცვლილი ადამიანის დედა, რომელიც საუბრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი 4 წელზე მეტია არის გარდაცვლილი, მაინც იმყოფება საარჩევნო სიაში. ყველაზე გამაოგნებელი, რაც ჩემთვის იყო დღეს, არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მუხლით. პროკურატურა არ აწარმოებს გამოძიებას ზეგავლენაზე, არ აწარმოებს გამოძიებას არჩევნების უფლების ფარულობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ბუაძემ გამოკითხვის შემდეგ.
ამავე საქმის ფარგლებში გამოჰკითხეს, მათ შორის კოალიცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი და პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე. სამივე მათგანი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.