ქარტია: "რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება კრიტიკულ არხს მიზანმიმართულად უტევს"
12/02/2020 14:00:28 საზოგადოება
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის მიერ "ტვ პირველის" ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძის შეურაცხმყოფელად მოხსენიების ფაქტს გმობს და რჩება შთაბეჭდილება, რომ "ხორციელდება ხელისუფლების მიზანმიმართული შეტევა მისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელ ტელევიზიაზე".
"უნდა აღვნიშნოთ, რომ, რამდენიმე დღის წინ, ამავე თემაზე თამარ ჩიხლაძე აგრესიულად გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა დავით მათიკაშვილმა. წამყვანმა მასაც მოუწოდა, რომ პრეტენზიები პროფესიულ ჭრილში, თვითრეგულირების ფორმატში განეხილათ და ეთიკის ქარტიისთვის მიემართათ. მედიის მიმართ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების განგრძობითობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად მუშაობას. ქარტიის საბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ჟურნალისტების მიმართ მსგავსი, აგრესიული ფორმით თავდასხმისგან და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეახსენებს, რომ ნებისმიერი შესაძლო ჟურნალისტური შეცდომა უნდა განიხილებოდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში", - აცხადებენ ქარტიაში.
ცნობისთვის: ანრი ოხანაშვილმა "ტვ პირველის" ჟურნალისტი თამარ ჩიხლაძე შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოიხსენია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტი გადაცემაში იმ პირის მიწვევის გამო გააკრიტიკა, რომელსაც ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარა ედება ბრალად. ოხანაშვილმა გადაცემის წამყვანის შესახებ მწვავე შეფასებები გააკეთა, რამდენჯერმე ახსენა მასთან მიმართებით მორალი და ზნეობა და ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის რჩევაზე, ამ გადაცემის შესახებ ქარტიისთვის მიემართა, განაცხადა: „მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს, რა პროფესიაშიც არ უნდა იყო და როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულებას გადაუხვევთ, იქ ჩივილს აზრი აღარ აქვს. რაზე მესაუბრებით, დიანა, მორალი და ზნეობა თუკი არ გააჩნია ადამიანს, რომელ ჩივილზეა საუბარი“.


