
Politico: ტრამპის ახალი დანიშვნების შემდეგ, უკრაინის მხარდამჭერებმა შვებით ამოისუნთქეს
13/11/2024 07:28:00 მსოფლიო
მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდელი კონგრესმენი მაიკლ ვოლცი აირჩია თავის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და გეგმავს სენატორ მარკო რუბიოს დანიშვნას სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე, უკრაინის მხარდამჭერებმა შვებით ამოისუნთქეს. ისინი ფრთხილი ოპტიმიზმით არიან გამსჭვალულები,- წერს Politico.
გამოცემა წერს, რომ ორივე კანონმდებელი იცავს ტრამპის საგარეო პოლიტიკის დოქტრინას "ამერიკა უპირველეს ყოვლისა", მაგრამ მაინც რჩება "ქორად", როდესაც საქმე ეხება აშშ-ის მიდგომას იმგვარი მოწინააღმდეგეების მიმართ, როგორებიც არიან ჩინეთი, ირანი და რუსეთი. ისინი ასევე შორს არიან რესპუბლიკური პარტიის იზოლაციონისტური ფრთისგან, რომელიც უკრაინის ან ნატოს დატოვებას ცდილობს. რუბიომ და ვოლცმა ეუკრაინის აშშ-ის წინა დახმარების პაკეტების მხარდაჭერა ეჭვქვეშ დააყენეს არა იმის გამო, რომ უკრაინის ბრძოლას არ უჭერდნენ მხარს, არამედ იმიტომ, რომ მათ სჯერათ, რომ აშშ საკმარისად არ ხარჯავდა აშშ-ის სამხრეთ საზღვრის დაცვაზე. მეტიც, უოლცმა ადრე შესთავაზა ამერიკის შეზღუდვების მოხსნა, რომ უკრაინას შეძლებოდა შორი მანძილის იარაღის გამოყენება რუსეთზე დარტყმისთვის. ბაიდენის ადმინისტრაციას ეს ნაბიჯი ამ დრომდე არ გადაუდგამს მიუხედავად უკრაინის სრული მხარდაჭერისა.
რესპუბლიკელი საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, Yorktown Solutions-ის პრეზიდენტი, დანიელ ვაიდიჩი რომელიც კონსულტაციებს უწევს უკრაინის სამთავრობო უწყებებს და ურთიერთობს კიევის ოფიციალურ პირებთან ამბობს:
„კიევი საკმაოდ მშვიდია და საკმაოდ კმაყოფილია ეროვნული უსაფრთხოების პოზიციებზე დღემდე გამოცხადებული ოფიციალური პირებით. ისინი, ვინც კიევში შეშფოთების ნარატივს უწყობენ ხელს, ამას საკუთარი მიზნებისთვის აკეთებენ და უკრაინას ზიანს აყენებენ“.
ამ პოზიციას იზიარებს ტრამპის ადმინისტრაციის სამი ყოფილი წარმომადგენელი, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის დახმარებას, მაგრამ ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.
Politico ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის ახალ კაბინეტში ბოლო დანიშვნები მიუთითებს, რომ ისინი მხარს უჭერენ მკაცრ ზომებს რუსეთის ენერგოექსპორტის მიმართ, რომელიც აფინანსებს მის ომის მანქანას.
ბოლო ინტერვიუებში ვოლცმა გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია იმის გამო, რომ არ აკეთებდა საკმარისს რუსულ ნავთობისა და გაზის ექსპორტში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ამჟამინდელი და ყოფილი ევროპელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მოვაჭრე ტრამპი, რომელმაც ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომზე გაამახვილა, არ არის კარგი ამბავი რუსეთის ლიდერისთვის. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსანი შეშფოთებულია. თუ პუტინი ნერვიულობს ტრამპის არაპროგნოზირებადობის გამო, უკრაინა და ნატოს სხვა მოკავშირეებიც ასევე ნერვიულობენ. ისინი შიშობენ, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით მიაღწევს, არ დაასრულებს ომს, არამედ მხოლოდ შეაყოვნებს მას, რათა რუსეთს დრო მისცეს, გადაჯგუფდეს შემდგომი ბრძოლისთვის.