"ოცნება" ევროპარლამენტარებს უგულავას საქმის შემსწავლელ კომისიაში სამუშაოდ საქართველოში იწვევს

12-02-2020 18:25:05 საშინაო პოლიტიკა

მმართველი გუნდი ევროპარალამენტს "ფაქტების შემსწავლელი კომისიის" შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს განუცხადა.

„კომისია უნდა დაკომპლექტდეს ევროპარლამენტარებით, რომლებიც ეწვევიან საქართველოს და ადგილზე შეისწავლიან მაგალითად, გიგი უგულავას საქმეს. ფაქტების დამდგენ მისიას ექნება წვდომა ყველა დოკუმენტზე. მისია შეისწავლის როგორც შინაარსს, ასევე პროცედურულ მხარეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირმა, რიგმა ევროპარლამენტარებმა, საელჩოებმა და სხვადსხვა ქვეყნის საგარეო უწყებებმა შეშფოთება გამოთქვეს.

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები