
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ, სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყო
13/11/2024 08:54:57 საზოგადოება
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ქალები ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ, სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყო.
აქციის მონაწილეები შეეცადნენ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში შესულიყვნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
დემონსტრანტები რამდენჯერმე შეეცადნენ ჭიშკრის გაღებას, რასაც სამართალდამცველებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.