
ევროკავშირის ელჩი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13/11/2024 10:23:22 საზოგადოება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „სამართლიანი არჩევნები” (ISFED), „ჩემი ხმა” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) ესწრებოდნენ. ეს ორგანიზაციები ახორციელებდნენ დაკვირვებას წინასაარჩევნო პროცესსა და უშუალოდ საარჩევნო პროცესზე.
როგორც ირკვევა, საუბარი იყო გამოვლენილ დარღვევებზე.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებული, რა ხდებოდა არჩევნების დღეს და უკვე საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ მივდივართ წინ. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. რა თქმა უნდა, ბრიუსელშიც იქნება დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
საიას წარმომადგენლის თქმით, საუბარი ასევე შეეხებოდა იმას, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით, "გვაქვს თუ არა იმედი, რომ პროკურატურა ყველაფერს გამოიძიებს და ასევე, რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, განსაკუთრებით ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმისთვის, რომ დაეხმარონ ამ პროცესს და ხელი შეუწყონ ამ გამოძიებას საქართველოში".