Accentnews.ge
SJC: დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან დაკავშირებით შემაშფოთებელია

SJC: დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან დაკავშირებით შემაშფოთებელია

13/11/2024 10:50:09 კონფლიქტები, პოლიტიკა

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (SCJ) ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას პრაქტიკულად არ გააჩნია სათანადო სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან მიმართებით.

„მეტიც, მისი დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა ფაქტობრივად იწყნარებს რუსულ ანექსიას ამ რეგიონში და საბოლოოდ, განაპირობებს მნიშვნელოვანი ისტორიული შესაძლებლობების დაკარგვას ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

SCJ-ის დაკვირვებით, საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკას ირჩევს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგანაც კი, რომელიც რუსეთის ანექსიურ პროცესებს გააკრიტიკებდა და დაგმობდა.

ეს მიდგომა,- მათი ხედვით, ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენულ ინტერესებსა და ამ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა ნათლად მიუთითებს, რომ უკვე წლებია ხელისუფლებას არ გააჩნია ხედვა და სტრატეგია რუსულ ანექსიურ პროცესებზე რეაგირებისთვის. მათი განცხადებით, ხელისუფლება ვეღარ იცავს ბალანსს რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკასა და ეროვნული ინტერესების დაცვას შორის და უმოქმედობის მიდგომები აძლიერებს აფხაზეთში რუსეთის ექსპანსიისა და ანექსიური პროცესების შეწყნარებისა და ნორმალიზების დისკურსსა და განცდას.

„აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკური დომინაციის გაძლიერება მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევაა, რადგან რუსეთის ეკონომიკური ბერკეტების ზრდა ამ რეგიონში განაპირობებს მისი სტრატეგიული უპირატესობის გაძლიერებასაც. ამ კუთხით საერთაშორისო დონეზე საქართველოს ხელისუფლების მუშაობა უნდა გულისხმობდეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უფრო ფართო მიზანზე აპელირებას და დიპლომატიური მუშაობის გაძლიერებას საერთაშორისო ინტერესის და დღის წესრიგის შესაქმნელად. სამწუხაროდ, ეს ფართო რეგიონული პერსპექტივა და საერთაშორისო დონეზე მუშაობის ძალისხმევა სრულად უგულებელყოფილია ხელისუფლების პოლიტიკაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, აშკარაა ისიც, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება ვერ ახერხებს აფხაზურ საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილებებისა და შიშების საპასუხოდ ახალი ტიპის სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ადგილობრივ საზოგადოებას და ელიტებს ახალ სოციალურ და ეკონომიკურ ალტერნატივებს და უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებდა:

„ასეთი პოლიტიკა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კონტექსტში, ახალ საფეხურზე აიყვანდა ნდობის აღდგენის პროცესს და ევროკავშირის მედიაციით დიალოგისა და მოლაპარაკებების პროცესის ახალ ჩარჩოს შექმნიდა. ევროკავშირის პოლიტიკური, ფინანსური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენება კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით კიდევ უფრო რთულდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული პოლიტიკის გამო, საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა. ამ პირობებში კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ “ქართული ოცნების” ანტიევროპული საგარეო პოლიტიკა რამდენად დამაზიანებელია მათ შორის, სამშვიდობო პოლიტიკისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით”.

მათი შეფასებით, მიმდინარე პროცესები და „ქართული ოცნების” ხელისუფლების პოზიციონირება ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები კონფლიქტების მოგვარების ახალი შესაძლებლობების შესახებ მხოლოდ წინასაარჩევნო მანიპულაცია იყო და მის მიღმა არ დგას ხელშესახები შინაარსი და მცდელობები. "სოციალური სამართლიანობის ცენტრში" აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების ოფიციალურ პოლიტიკაში არ შეინიშნება რაიმე პოზიტიური დინამიკაც, კერძოდ, ამდენი წლის შემდეგაც, „ქართული ოცნების” მთავრობას წინა ხელისუფლების მიერ მიღებული სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტი არ განუახლებია.

ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის აქტიური განხილვის საგნად იქცეს, ამასთან, დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური დიალოგი, რათა შეცვლილი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, შემუშავდეს და შეთანხმდეს ახალი ტიპის, დემოკრატიული და ევროპული სამშვიდობო პოლიტიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S