
რუსულმა სასამართლომ 2008 წლის ომის საქმის განხილვის მონაწილე ჰააგის მოსამართლეს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
13/11/2024 12:48:33 მსოფლიო
რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც 2008 წლის ომის საქმის განხილვაშიც მონაწილეობდა.
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო ჰააგის მოსამართლე რეინ ალაპინი-განსუ, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო "უკანონო დაპატიმრებას" (რუსეთის სს კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწ.) ედავებოდა.
2022 წელს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც ალაპინი-განსუც შედიოდა, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმის განხილვის ფარგლებში ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის სამი ექს-ჩინოსნის დაპატიმრების ორდერი გასცა. საუბარია დე-ფაქტო შს ექს-მინისტრ მიხეილ მინძაევზე, დე-ფაქტო შსს-ს იზოლატორის ექს-ხელმძღვანელ ჰამლეტ გუჩმაზოვზე და დე-ფაქტო პრეზიდენტის ექს-რწმუნებულზე ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევზე, რომლებიც, ჰააგის დასკვნით, შესაძლოა, პასუხისმგებელნი იყვნენ ომის დანაშაულებზე.
მიმდინარე წლის მარტში კი ალაპინი-განსუ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემი მოსამართლის - ტომოკო აკანეს მოადგილედ დაინიშნა.
ნოემბერში ცნობილი გახდა ბასმანის რაიონული სასამართლოს მიერ ჰააგის კიდევ ერთი მოსამართლის - ჰაიკელ ბენ მაჰფუდის დაპატიმრების გადაწყვეტილების დაუსწრებლად გამოტანის თაობაზე. ამჯერად საქმე რუსეთის თავდაცვის ექს-მინისტრ შოიგუსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - გერასიმოვის დაპატიმრების ორდერების გაცემას ეხებოდა. გარდა ამისა, რუსულ სასამართლოს ძებნაში ჰყავს გამოცხადებული ჰააგის მთავარი პროკურორი ქარიმ ხანიც.