
CNN: რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი შეინარჩუნეს
14/11/2024 07:02:28 მსოფლიო
ამერიკელმა რესპუბლიკელებმა უმრავლესობის შენარჩუნება შეძლეს შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, - იუწყება CNN.
აშშ-ის კონგრესის ქვედა, 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 218 მანდატი იყო საჭირო.
კენჭისყრის შედეგების შეჯამება ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა CNN-ის ცნობით, უკვე დადასტურებულია კალიფორნიასა და არიზონაში რესპუბლიკელების კანდიდატების გამარჯვება, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტად არჩეული ტრამპის პარტიას უკვე აქვს 218 ადგილი.
5 ნოემბრის არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა უმრავლესობა (52 ადგილი) მოიპოვეს 100-წევრიან სენატშიც.
5 ნოემბრის არჩევნებამდე წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ, ხოლო სენატს - დემოკრატები.
როგორც ამერიკული მედია წერს, კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს გაუადვილებს თავისი პროგრამის განხორციელებას, მათ შორის გადასახადების შემცირებას, საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და საშინაო და საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციას.
78 წლის რესპუბლიკელმა ექს–პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.
ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.