შოლცი ზელენსკის IRIS-T-ს წლის ბოლომდე მიწოდებას დაჰპირდა

14-11-2024 11:45:05 ევროპა ,მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონი საუბარში უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა განიხილა.

ზელენსკის თქმით, შოლცმა საუბრისას დაადასტურა, რომ მეექვსე საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს უკრაინა მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებს.

"ჩვენ ასევე განვიხილეთ მომავალ წელს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და გერმანიის მხრიდან საჰაერო თავდაცვის სფეროში დამატებითი დახმარების პოტენციალი," - თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა შოლცს "მნიშვნელოვანი ორმხრივი თავდაცვითი დახმარებისთვის და მისი ლიდერობისთვის პარტნიორების შეკრებაში უკრაინის მხარდასაჭერად":

"მე ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის ხედვა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის შესახებ უნდა იყოს წარმოდგენილი ბრაზილიაში, G20-ის სამიტზე და მადლობა გადავუხადე გერმანიას მზადყოფნისთვის, მხარი დაგვიჭიროს ამ ძალისხმევაში".

თავის მხრივ, შოლცის ოფისმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა განაცხადა, რომ ნატოს სამ სხვა ქვეყანასთან ერთად უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების დიდ პაკეტს ამზადებს, რომლის გაცემასაც 2024 წლის ბოლომდე გეგმავენ.

სექტემბრის დასაწყისში შოლცმა თქვა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის 17 IRIS-T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემა შეუკვეთა.