
პარლამენტთან კაცი გარდაიცვალა
14/11/2024 13:35:09 საზოგადოება
თბილისში, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ 61 წლის კაცი - გიორგი კერვალიშვილი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
როგორც კაცის მეგობრები ყვებიან, ის ეროვნული მოძრაობის წევრი იყო, თანამოაზრეებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარაკლისის გადასახდელად იყო მისული, ასევე აპროტესტებდა არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და დარდაიცვალა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გამოიძახა, თუმცა, ასევე თვითმხილველების ნაამბობის მიხედვით, ჯგუფს ადგილზე მისვლა დააგვიანდა.
"12:00 საათისთვის მოხდა ეს სამწუხარო შემთხვევა. ადამიანი 9 აპრილის მემორიალთან იყო მოსული - პარაკლისს იხდიდნენ, გახდა შეუძლოდ. როგორც შემდეგ გავიგე, გულზე ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული. პატრულმა გამოიძახა სასწრაფო, მაგრამ სასწრაფოს აქ, ქალაქის ცენტრში მოსასვლელად დაახლოებით 40 წუთი დასჭირდა. როდესაც მოვიდა, ეს ადამიანი უკვე გარდაცვლილი დახვდათ",- ყვება მედიასთან თვითმხილველი "ტვ პირველთან".
ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
ფოტო: "ტვ პირველი"