
საქსტატი: 2024 წლის მესამე კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური გაიზარდა
15/11/2024 08:12:11 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17.2 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.2 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 15.5 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 14.7 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 9.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9.5 პროცენტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 16.4 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის მესამე კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 144.2 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 28.1 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 55.6 პროცენტი – ღორი, ხოლო 15.4 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი, რომელიც არ მოიცავს ფრინველს, 0.8 პროცენტს შეადგენს.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 009.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, სასაკლაოების მიერ 2024 წლის მესამე კვარტალში 16.8 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.1 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32.4 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 34.3 პროცენტი – ღორის ხორცზე, 2.2 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 8.4 ათას პირს, საიდანაც 57.0 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 030 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 37.6 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 31.0 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14.1 ლარი.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური 36.6 ლარი იყო.