
ბათუმის შემდეგ სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია თბილისსა და ქუთაისშიც გამართა
15/11/2024 11:02:24 საზოგადოება
ბათუმის შემდეგ სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია თბილისსა და ქუთაისშიც გამართა.
კერძოდ, დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
საპროტესტო აქცია ქუთაისშიც ჩატარდა. “მონობა სიჩუმით იწყება”, “შენი ხმა მოპარულია”, “ჩაატარეთ განმეორებითი ობიექტური არჩევნები” – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით გააპროტესტეს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა არჩევნების ოფიციალური შედეგები.
მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოპარული არჩევნები ყველამ გააპროტესტოს და ხელისუფლება იძულებული გახადონ, რომ ხელახალი არჩევნები ჩანიშნოს.
14 ნოემბერს იგივე მოთხოვნით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. სტუდენტებმა უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამე გაათენეს. სტუდენტთა ნაწილი დღეს საღამოს აქციასაც აანონსებს.
ცნობისთვის: დღეს 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან საზოგადოებრივი ჯგუფის "დაიტოვეს" ორგანიზებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.
"პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა. ვიკრიბებით პარასკევს, 15 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე 17:00 საათზე", - ნათქვამია "დაიტოვეს" განცხადებაში.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.