Accentnews.ge
ასლან ბჟანიამ გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა

ასლან ბჟანიამ გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა

15/11/2024 15:58:55 კონფლიქტები

აფხაზური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები, რომელთაც ე.წ. სამთავრობო შენობათა მთელს კომპლექსზე კონტროლი აქვთ დამყარებული, "პრეზიდენტ" ბჟანიას გადადგომამდე დაშლას არ აპირებენ. თავად "პრეზიდენტმა" კი მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, - იუწყება აფხაზური მედია.

მისივე ინფორმაციით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ და რიგმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზების მოსაძებნად საკოორდინაციო შტაბი ჩამოაყალიბეს.

"ასლან ბჟანიას სადეპუტატო დელეგაცია გავუგზავნეთ სპიკერის თაოსნობით და შევთავაზეთ, ნებით დაეტოვებინა თანამდებობა, თუმცა მან დრო ითხოვა. არ ვიცი, რა დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნების მიღწევა გვაქვს დაგეგმილი" - განაცხადა შტაბის წარმომადგენელმა ეშსოუ კაკალიამ.

მისივე შეფასებით, ვითარება აფხაზეთში დაძაბული რჩება და "აუცილებელია, თითოეული მოქალაქე მივიდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პროტესტის მონაწილეთა მხარდასაჭერად".

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაახლოებით ერთი საათის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოთქვა მზადყოფნა, ე.წ. საინვესტიციო საქმიანობის შესახებ მოსკოვის მიერ ინიცირებული შეთანხმება "პარლამენტიდან" გაიწვიოს.

"ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილიზების მიზნით მივიღეთ" - ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები უკვე ბჟანიას "დაუყოვნებლივ უპირობო გადადგომას" მოითხოვენ.

თავად "პრეზიდენტმა" და "პრემიერმა" ე.წ. სამთავრობო შენობათა კომპლექსი მანამდე დატოვეს, სანამ ოპოზიციისა და მის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეები მას ალყაში მოაქცევდნენ.

უფრო ადრე დე-ფაქტო პარლამენტთან მომიტინგეებსა და ძალოვანებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, გაუშვეს გაზი, ისმოდა სროლის ხმაც. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

აფხაზურმა "პარლამენტმა" დღეს უარი თქვა 15 ნოემბრის დღის წესრიგის დამტკიცებაზე, რომელიც, მათ შორის, რუსეთთან "საივესტიციო საქმიანობის შესახებ" სადავო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს მოიცავდა. დღევანდელი სხდომა გადაიდო. როგორც "სპიკერმა" ლაშა აშუბამ განმარტა, "დეპუტატთა ნაწილმა ამ პირობებში მუშაობაზე უარი თქვა".

ამ განცხადებამდე აშუბას ოპოზიციონერი დეპუტატები ხვდებოდნენ, რომლებიც ხსენებული შეთანხმების რატიფიცირების საკითხის კენჭისყრაზე დაყენებასა და ჩაგდებას მოითხოვდნენ.

აქციის დაწყებამდე, დილით ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ადგურ არძინბამ დე-ფაქტო ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, "მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადადოს ყველა იმ მწვავე საკითხის განხილვა, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს და ხალხში მღელვარებას იწვევს".

"თუ ხელისუფლება ამაზე არ წავა, უახლოეს დღეებში მოსალოდნელ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ასლან ბჟანიასა და მის გარემოცვას დაეკისრება - ზუსტად ისევე, როგორც წინა დღეების მოვლენებზე, როცა ოპოზიციონერი აქტივისტების დაუნდობელმა დაკავებამ რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება მყისიერად დაძაბა".

ამასთან, არძინბამ აფხაზ ძალოვანებს მიმართა მოწოდებით, "გამოიჩინონ სიბრძნე და თავშეკავება":

"ნუ მისცემთ პირადი გამდიდრების ჟინით შეპყრობილ ხელისუფლებას საშუალებას, გამოგიყენოთ ბრმა იარაღად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! გახსოვდეთ, რომ ფიცი არა ასლან ბჟანიასა და მისი ოლიგარქების, არამედ სამშობლოს წინაშე გაქვთ დადებული! თქვენი ერთგულება მიმართული უნდა იყოს არა იმ ვიწრო პოლიტიკური ელიტის ინტერესების დაცვაზე, რომელიც მზადაა, პირად კეთილდღეობას სამშობლო შესწიროს, არამედ ხალხისა და სამშობლოს ინტერესების უზრუნველყოფაზე!".

ცნობისთვის: აფხაზური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება მოსკოვის მიერ ინიცირებულ "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" ხელშეკრულებას დიდ საფრთხედ განიხილავენ და თვლიან, რომ დოკუმენტი აფხაზეთს "რუსული ოლიგარქატის საკუთრებად გადააქცევს".

თავის მხრივ, რუსული და აფხაზური სახელისუფლებო მედია ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ ხელშეკრულების რატიფიცირების ყველა მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას. ვრცელდება, მათ შორის, დეზინფორმაცია, თითქოს ოპოზიციას "აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების მიზანი ამოძრავებს". გარდა ამისა, რუსეთის მიმართ მზარდი კრიტიკული განწყობის ფონზე მოსკოვი დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს, აფხაზური საზოგადოება დააბნიოს: სახელისუფლებო ტელეგრამ-არხები პერიოდულად ავრცელებენ ფეიქებს თითქოს საფრთხეს არა რუსი ალიგარქები წარმოადგენენ, არამედ საქართველოს ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მესამე პირთა - რუსეთის მოქალაქეთა სახელით აფხაზეთში "ყველაფერ ფასეულის დაუფლებას ეცდება". საქართველოს ხელისუფლება კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს, პროცესები, მათ შორის რუსეთის ყოველი ანექსიური ნაბიჯი თვითდინებაზეა მიშვებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S