
სტუდენტების მანიფესტი: არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს! გავიმარჯვებთ სახელოვნად!
17/11/2024 15:32:20 საზოგადოება
სტუდენტებმა, რომლებიც ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის მიმართულებით მსვლელობით მიემათებიან, ერთობლივი სტუდენტური მანიფესტი წაიკითხეს.
მანიფესტში წერია, რომ "სტუდენტები უერთდებიან საერთო სახალხო პროტესტს და გმობენ „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების სისტემურ გაყალბებას".
„განათლების საკითხებში ხელისუფლების უხეში ჩარევის ფაქტები: დისკრიმინაციული და შერჩევითი გადაწყევტილებები საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესში და სწავლების ნაწილში ცენზურის დაწესება, განათლებაზე თავდასხმად გვესახება, ხოლო “რუსული” და ცენზურის დამწესებელი კანონებისა და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შემლახავი რეპრესიული ქმედებების ფონზე, არჩევნების სისტემური გაყალბების ფაქტი ცხადყოფს “ქართული ოცნების” მხრიდან სახელმწიფოს მიტაცების უხეშ მცდელობას“, - აცხადებენ სტუდენტები.
მათი თქმით, მათ სჯერათ, რომ ხარისხიანი და სრულფასოვანი განათლება მათი უფლებაა, სახელმწიფო კი ეკუთვნის ხალხს და არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება.
„თუ ხელისუფალი არ პასუხობს ჩვენს ნებას, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, პროტესტის გზით შევცვალოთ ის“, – აცხადებენ სტუდენტები.
მათივე თქმით, ისინი მხარს უჭერენ პროტესტის ყველა არაძალადობრივ ფორმას და ყველა სტუდენტს მოუწოდებენ ერთობისკენ.
„ჩვენ არ ვაპირებთ, დავთმოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. საქართველოს სტუდენტები, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვრჩებით დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფო ინტერესების ერთგული. არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს და ამ არჩევნების შედეგების შესაბამისად დაკომპლექტებულ პარლამენტს ლეგიტიმურად და მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის! გვახსოვდეს, ძალა ერთობაშია და გამარჯვება გარდაუვალია! ვიბრძვით თავისუფლებისთვის! გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, – აცხადებენ სტუდენტები,
ამ მანიფესტს ხელს აწერენ:
- ილიას უნივერსიტეტის,
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის,
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის,
- აგრარული უნივერსიტეტის,
- თავისუფალი უნივერსიტეტის,
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის,
- კავკასიის უნივერსიტეტის,
- GIPA-ს უნივერსიტეტის,
- BTU-ს,
- საქართველოს უნივერსიტეტის,
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის;,
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.
ამ წუთებში თბილისში პარლამენტის წინ იწყება საპროტესტო აქცია "უთხარი არა გაყალბებულ არჩევნებს და დაიბრუნე შენი ხმა“, რომლის ორგანიზატორია სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა". აქციას სტუდენტების გარდა, უერთდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და როგითი მოქალაქეები.
ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.