
პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ
17/11/2024 17:43:28 საზოგადოება
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა თსუ-სთან გადაინაცვლეს, სადაც "კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერებმა 24–საათიანი აქცია დააანონსეს.
„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერებმა დააანონსეს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ღამეს გაათევენ.
“მორჩა სეირნობა, სიარული, ჟივილ-ხივილი, ყველაფერი მორჩა! ვიბრუნებთ სამშობლოს! ყველაფერს ვკეტავთ. აღარაფრის დრო აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი ვინც მიიღეთ ყველაზე მეტი ხმა საქართველოს მოსახლეობისგან, ვინც თქვა, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში და დიახ, ჩვენ მივდივართ ევროპაში. მივესალმები რუსთაველის გამზირზე მყოფებს. ძალიან დიდი ბოდიში ყველას შეწუხებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით. 24 საათი ეს აქცია იდგება აქ, ვინ არის თანახმა თქვენს შორის არ შეუშინდეს დაჭერას, სიცივეს, რუსულ რეჟიმს? - იმიტომ, რომ ეს სამშობლო ჩვენია, მომავალი ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში! ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. არც სხვა მაგისტრალებზე. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია. ყველას ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის, დისკომფორტისთვის. იმისთვის, რომ ეს დღეები თავისუფლად ვერ ივლით, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ იმას, რომ მთელი ჩვენი ისტორია მომავალი ისტორია ვიაროთ თავისუფლად ევროპისკენ. ჩვენ მზად ვართ, ყველაფრისთვის. კვლავ ვიმეორებ, პასუხისმგებლობა ჩვენზეა - ლიდერებზე. პასუხისმგებლობა ჩვენზეა, მაგრამ ჩვენი ძალა თქვენშია. თქვენს გარეშე არაფერი არ გამოსულა, არც გამოვა არასდროს, თქვენი ხმები ჩვენ გვაძლიერებს. თქვენ მოპარული ხმები ჩვენ გვავალდებულებს, რომ ეს ქვეყანა, ხმები დავიბრუნოთ და ჩვენი საერთო წინაპრები, შვილები გვავალდებულებენ, რომ დავდგეთ და არ წავიდეთ, ვიდრე ამ ქვეყნიდან არ წავლენ “ქოცები”. მაშ ასე, წერტილი პირველი. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ამ წელს გახსნილი მთავარი ეროვნული სიმბოლო, დღეს სამარცხვინო ელექტორატის ხელში ჩავარდნილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვდგავართ, ვრჩებით, ველოდებით “ქოცების” წასვლას", - განაცხადა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
ამასთან კოალიციის კიდევ ერთმა წევრმა ელენე ხოშტარიამ, მათ შორის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მყოფ ხალხს მათთან შეერთებისკენ მოუწოდა:
"წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია - ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ „ოცნების“ დღის წესრიგით სიარულს. ასევე ჩვენ არ ვაპირეთ მათი ძალადობრივი გეგმებით სიარულს. ჩვენ ვართ არაძალადობრივი, მტკიცე წინააღმდეგობის მოძრაობა. ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, რუსთაველზე მდგომ ხალხს, თსუ-სთან ვჩერდებით, დღეს გავათევთ ღამეს, 24-საათი აქ ვიქნებით, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები. არჩევნები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს. ყველაფერი უზრუნველყოფილია. ჩვენ ახლა აქ მოვაწყობთ ყველაფერს, ეს ქაოტური პროცესი არ არის. ეს დაგეგმილი პროცესია, რომელსაც ელემენტარული შემართება სჭირდება და რომელიც ყველა თქვენგანს ყველაზე მეტად გაქვთ, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკოსს და პარტიას. მთავარი მამოძრავებელი ძალა თქვენ ხართ“.
როგორც „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დღეს საღამოს 20:00 საათიდან 24 საათის განმავლობაში თბილისის ეს ტერიტორია [თსუ-ის უნივერსიტეტის მიმდებარედ] გადაიკეტება.
ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, რასაც ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი განაგებს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას ხალხი არ აღიარებს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ მსოფლიოში. მაშასადამე, პირველ რიგში ჩვენ - პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ნდობის მოდული მოგვანიჭა ქართველმა ხალხმა, მაგრამ სისტემური გაყალბებით ხელისუფლება თვითმარქვიად გამოაცხადა საკუთარი თავი, ვმოქმედებთ დღეიდან მხოლოდ და მხოლოდ ადეკვატურად. 24 საათის განმავლობაში, ხვალ საღამოს 8 საათამდე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილას ვრჩებით. შემდგომი განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება.
ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება! არავის ეგონოს, რომ ბრძოლა შენელდება, ეს ბრძოლა დასრულდება ერთადერთი გამოსავლით - ახალი არჩევნებით. ქუჩა ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი და მექანიზმია და სხვა მექანიზმებთან ერთად ქართული საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ქუჩას დემოკრატიისთვის გამოვიყენებთ. ჩვენი ხმა არჩევნების შედეგებში არ აისახა იმიტომ, რომ გააყალბეს, მაგრამ ჩვენი ხმა თბილისის ქუჩებიდან აისახება იმ შედეგზე, რომელიც ახალი არჩევნებით დასრულდება“, - განაცხადა მელიამ.
დღეს საღამოს თბილისში პარლამენტის წინ გაიმართა საპროტესტო აქცია "უთხარი არა გაყალბებულ არჩევნებს და დაიბრუნე შენი ხმა“, რომლის ორგანიზატორი სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა" იყო. აქციას, მათ შორის სტუდენტების ნაწილი შეუერთდა.
ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.