
"არ უნდა დავიშალოთ!" - ჭავჭავაძეზე დაანონსებული 24-საათიანი პროტესტი გრძელდება
18/11/2024 05:31:20 პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს.
როგორც ცნობილია, ამ ადგილზე პროტესტი საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება.
ადგილზე 20-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.
დემონსტრანტებს დილით პოლიტიკურმა ლიდერებმა მიმართეს.
„მეგობრებო, წუხანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე ბოლო წლების ისტორიაში. კვლავ დიდი მადლობა ამისთვის. არ არის მარტივი ღამისთევა ამ სიცივეში. ჩვენ გვჭირდება რაღაცნაირად ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ. წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა. ბრძოლა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო. ბრძოლა იმისთვის, რასაც ჩვენ ამდენი წელი, ამდენი საუკუნეა დაუღალავად ვაკეთებთ. ჩვენ მივდივართ ევროპაში, ამიტომ ჯერ მოვიდეთ აქ, ერთმანეთს დავეხმაროთ. შევიცვლებით. ლიდერები აქ ვიქნებით - ზოგიერთი წავა, ზოგი მოვა, მაგრამ ყოველთვის აქ ვიქნებით და რაც მთავარია, ჩვენ მეგობრებო, არ უნდა დავიშალოთ,“ - განაცხადა "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა ნიკა გვარამიამ.
"გელოდებით ყველას, ვინც ახლა ტელევიზორებიდან გვიყურებთ, გელოდებით, მობრძანდით აქ, 24 საათი გრძელდება ეს პროტესტი, საღამოს 8 საათამდე ვართ აქ, ასე წყნარად, მშვიდობიანად, პოზიტიური განწყობით ვართ, რადგან ჩვენ გავიმარჯვებთ, სიმართლე ჩვენკენაა, ჩვენ გვინდა ძლიერი, დემოკრატიული, ევროკავშირის წევრი საქართველო და რაც მთავარია, საქართველო ივანიშვილის და ამ უბედურების გარეშე. სიმართლე გითხრათ, დაღლილობას ვერ ვგრძნობ, იმდენად სასიამოვნო საუბრები იყო მთელი ღამის მანძილზე. ზოგი ამბობს, მეორე ღამეც ხომ არ დავრჩეთო, მაგრამ მოდი, დღეს, რაც ვთქვით, ის გავაკეთოთ, დღეს, 20:00 საათამდე ვართ აქ. გელოდებით მათ, ვინც ტელეეკრანებიდან გვადევნებთ თვალს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.