კრემლმა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა

18-11-2024 13:58:04 კონფლიქტები

კრემლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე პირველ ოფიციალურ კომენტარს აკეთებს. როგორც ჟურნალისტებს კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, "რუსეთი აფხაზეთში ვითარების უსწრაფეს ნორმალიზებასა და აბსოლუტურად კონსტიტუციის ველში დარჩენას იმედოვნებს".

რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება, იქონიოს ამ მოვლენებმა გავლენა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებზე იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის კონკრეტული მიზეზი სწორედ რუსეთის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივებია, პესკოვმა ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და აღნიშნა, რომ "აფხაზეთთან ურთიერთობები რუსეთის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება".

მანამდე, ორიოდ დღის წინ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დააფიქსირა, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი ასლან ბჟანიას "კანონიერ სახელისუფლებო გუნდს", აფხაზური ოპოზიცია კი "სამართლებრივი ველიდან გასვლით კონფლიქტის ესკალაციის პროვოცირებაში" დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "რუსეთი აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ყველაფერი მშვიდობიანი, აბსოლუტურად კონსტიტუციური გზით მოგვარდება".

იმავე დღეს ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მგზავრობისგან თავის შეკავება ურჩია, ხოლო უკვე იქ მყოფებს შეძლებისდაგვარად აფხაზეთის დატოვებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის: თავად აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი დღითიდღე მწვავდება. ოპოზიცია ე.წ. სამთავრობო შენობათა კომპლექსისა და დე-ფაქტო პარლამენტის შენობის კონტროლს განაგრძობს. დე-ფაქტო სახელისუფლებო გუნდი "პრეზიდენტ" ბჟანიას ხელმძღვანელობით მის მშობლიურ სოფელ ტამიშშია გახიზნული და ოპოზიციას "სამთავრობო კომპლექსის" შენობებიდან გასვლისკენ მოუწოდებს. ასლან ბჟანიამ პოლიტიკურ ოპონენტებს შესთავაზა, მათ მიერ შენობების დატოვების შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და არ დაუმალავს, რომ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს. თუმცა ოპოზიციამ მისი წინადადება უკუაგდო, შიშობს რა, რომ ასლან ბჟანია "პრეზიდენტად" დასაბრუნებლად სახელისუფლებო რესურსს გამოიყენებს. ამავდროულად, ოპოზიცია მზადაა, ბჟანიას გადადგომის შემდეგ "პრეზიდენტის" მოვალეობის დროებით შემსრულებლად ამჟამინდელი "ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუნბა დაინიშნოს, "პრემიერის" სავარძელი კი ოპოზიციურმა კანდიდატმა დაიკავოს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები შუამავალი ჯგუფის მეშვეობით გრძელდება. ბჟანია ძალაუფლების დათმობას არ აპირებს, ოპოზიციას "ანტირუსულობაში" ადანაშაულებს, მის ქმედებებს კი "გარედან მართულს" უწოდებს. თავის მხრივ, ოპოზიცია ანტირუსულობას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მისი პროტესტის ერთადერთი მიზანი "ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ბჟანიასა და მისი გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა".

ამ წუთებში, აფხაზური მედიის ინფორმაციით, დე-ფაქტო პარლამენტი დახურულ სხდომას მართავს. რამდენი "დეპუტატი" ესწრება სხდომას და რა საკითხების განხილვაა დაგეგმილი, ჯერ უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები