აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
18/11/2024 11:26:44 პოლიტიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბერს ჩატარებული უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ხმების 57,45% მიიღო „ქართულმა ოცნებამ”, 14,26% - „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, 8,63% - პარტიამ „გახარია საქართველოსთვის”, 8,4% - „კოალიციამ ცვლილებისთვის” და 6,32% - „ძლიერმა საქართველომ”.
ამ შედეგების მიხედვით, 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში მანდატები ასე განაწილდა:
„ქართული ოცნება” – 13;
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” – 4;
„გახარია საქართველოსთვის” – 2;
„კოალიცია ცვლილებისთვის” – 1;
„ძლიერი საქართველო” – 1.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე კიდევ ექვსმა პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციის დღევანდელი სხდომის პარალელურად, კომისიის შენობასთან მიმდინარეობდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. საარჩევნო კომისია და მმართველი პარტია გაყალბებას უარყოფენ.


