
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს რუსეთთან თანამშრომლობისთვის
18/11/2024 15:14:28 მსოფლიო
რუსეთისთვის რაკეტების გადაცემის გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციების სამიზნე ის გემები და პორტებია, რომლებიც ირანული წარმოების დრონების, რაკეტების, ტექნოლოგიებისა და კომპონენტების გადასაზიდად გამოიყენება.
სანქციების სიას ირანის ეროვნული საზღვაო გადამზიდი კომპანია Islamic Republic of Iran Shipping Lines-ი (IRISL) და მისი დირექტორი, მუჰამედ რეზა ხიაბანი დაემატა.
ასევე, ევროკავშირმა სამი რუსული გადამზიდი კომპანია დაასანქცირა, MG Flot, VTS Broker და Arapax, რომელთა გემებს უკრაინაში მებრძოლი რუსული ძალების მომარაგებისთვის ირანული იარაღი, დრონები და კომპონენტები კასპიის ზღვის გავლით გადააქვთ.
ირანულ საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების კომპანიებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. ირანის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ კომპანიებს, Iran Air და Islamic Republic of Iran Shipping Lines (IRISL) რუსეთისთვის უკრაინის ომში გამოსაყენებლად იარაღის მიწოდების გამო აქტივები გაეყინებათ.