18-11-2024 21:42:04 პოლიტიკა ,კომენტარი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 ნოემბერს განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი პრინციპის დარღვევის გამო, რასაც ჰქვია არჩევნების და საყოველთაობის დარღვევის გამო. ეს არის არა იმიტომ, რომ მე მჯერა საკონსტიტუციოსი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ. მაგრამ ეს უნდა იყოს როგორც ნიშანი, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ. და ბოლომდე არ გამოვცადოთ და ესეცაა ჩემი სარჩელის მიზანი, ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომელიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე - როგორი ქვეყანა მინდა, ვისთან ერთად მინდა და საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი და მინდა ვუსურვო მათ და ვუსურვო ჩვენს თავს, რომ აღმოჩნდეს ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე მაინც, რომელიც, როგორც ერთმა მოსამართლემ უკვე გვაჩვენა, შეძლებს გვაჩვენოს, რომ ღირსეული მოსამართლეები ქვეყანაში მაინც გვყავს".
ირკვევა, რომ საკონსტიტუციო დავას პოლიტიკურ პროცესზე ექნება გავლენა.
კერძოდ, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება. ახალი პარლამენტის შეკრება 25 ნოემბრისთვისაა დაანონსებული.
პრეზიდენტმა ასევე ახსენა არჩევნების საყოველთაობის პრინციპი, ემიგრანტების ხმის უფლების კონტექსტში.
ვადები და შეჯამება: პრეზიდენტი სარჩელს ხვალ შეიტანს. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. სარჩელი რომც არ დაკმაყოფილდეს (ამის მოლოდინი არ მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლდება "ოცნების" მიერ), პროცესმა დაახლოებით ერთი თვე შეიძლება, მოიგოს, რადგან პარლამენტის შეკრების დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული დავა, სავარაუდოდ, დასრულებული არ იქნება. პარლამენტის შეკრებისას სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ერთი კვირა იქნება გასული. ერთ კვირაში კი სასამართლო ვერ შეძლებს სარჩელის საქმის ჯერ დასაშვებობის, შემდეგ კი არსებითი განხილვასა და გადაწყვეტას. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება. სანამ საქმე საკონსტიტუციოში იქნება, პარლამენტი ვერ ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას. რეგლამენტის მიხედვით, მას არავითარი დისკრეცია არ აქვს. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არ შეუძლია ცნოს იმ დეპუტატების უფლებამოსილება, ვისი არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, ხოლო თუ მათი რაოდენობა 51-ზე მეტია, საკანონმდებლო ორგანო სრულ უფლებამოსილებას ვერ იძენს. ზემოთ აღწერილი სარჩელის შემთხვევაში კი 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერებაა გასაჩივრებული“, - განმარტავს ვახუშტი მენაბდე.