
სახალხო დამცველთან არსებული საბჭო ერთ-ერთმა წევრმა იოსელიანის განცხადებების გამო დატოვა
18/11/2024 20:19:01 საზოგადოება
სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო ერთ-ერთმა წევრმა - გია კაკაჩიამ დატოვა.
განცხადებაში, რომელიც კაკაჩიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი სახალხო დამცველის ბოლო პერიოდის განცხადებები გახდა, მათ შორის არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ლევან იოსელიანის პოზიცია.
კაკაჩია განცხადებაში მიუთითებს, რომ ომბუსდმენის პოზიციონირება ეწინააღმდეგება სახალხო დამცველის მანდატს, აკნინებს ინსტიტუტს და ხელს უშლის შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი, ეფექტური და სრულყოფილი მონაწილეობის უზრუნველყოფას.
„მიმაჩნია, რომ ხსენებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ამ სახალხო დამცველის დროს, რომელიც არ ასახავს მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს, ჩემი მხრიდან მიუღებელია და მიზანშეუწონელია. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღება ერთადერთი გონივრული ნაბიჯია, რათა მივაღწიოთ მიზნებს, რომლებიც საზოგადოების ყველა წევრის უფლებების რეალურ დაცვას და მათ თანასწორობას უზრუნველყოფს“, – ვკითხულობთ კაკაჩიას განცხადებაში.