
ლომჯარია: კარგია, რომ ჩამოვა ევროკავშირის მისია, რადგან ჩვენ სამართალი ვერ ვნახეთ საქართველოში, ყველაფერს დეტალურად მივაწვდით
18/11/2024 21:39:54 პოლიტიკა, საზოგადოება
„საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნის თაობაზე.
"ძალიან კარგია, რომ ჩამოვა ევროკავშირის დელეგაცია თავისი მისიით, რადგან ჩვენ სამართალი ვერ ვნახეთ საქართველოში ვერც საარჩევნო ადმინისტრაციებში, ვერც სასამართლოში, ვერც პროკურატურაში. ათასობით დამკვირვებელი გვყავს, რომლებმაც ნახეს დანაშაულები, გაყალბება, ხმების მიტაცება, ადამიანების იძულება, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა. არც ერთი საჩივარი არ დაკმაყიფილდა. არავინ მიიტანა გულთან ეს ამბები და ურცხვად გვეუბნებიან, რომ ყველაფერი იყო კარგად. ამიტომ, ძალიან კარგია... დავხვდებით ამ ჯგუფს და ყველაფერს დეტალურად მივაწვდით (მოწმეებს, მტკიცებულებებს) და იმედი გვაქვს, რომ აქ მაინც ვნახავთ სამართალს",- თქვა ლომჯარიამ თემის კომენტირებისას.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი საქართველოში ტექნიკურ მისიას გზავნის.
ევროკავშირიდან საქართველოში ტექნიკური მისია ჩამოვა, რათა ადგილზე შეისწავლოს ვითარება 26 აპრილის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.
"ტექნიკური მისიის მიზანი გახლავთ, ადგილზე გაანალიზდეს სიტუაცია - რა მოხდა არჩევნებზე. ეს ინფორზმაცია უნდა იყოს თანმიმდევრული. არჩევნებს თავად პრეზიდენტი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. არჩევნების შედეგებმა ძლიერი შეშფოთება წარმოშვა ევროპაში დემოკრატიული უკუსვლის გამო. სიტუაცია უნდა შემოწმდეს, გაანალიზდეს და ამაზე იქნება აგებული ტექნიკური მისია. ჩვენ შევხედავთ განაცხადებს და ვნახავთ, რა მოხდა ამ არჩევნებზე. საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული მისწრაფება უნდა იქნეს დაკმაყოფილებული",- განმარტა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.