პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

19-11-2024 12:08:55 პოლიტიკა

პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა. როგორც ბეესელიამ აღნიშნა, სარჩელი ორი კონსტიტუციური პრინციპის - ხმის მიცემის ფარულობისა და ხმის მიცემის საყოველთაობის დარღვევას ეხება.

ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია, პრეზიდენტის სარჩელის შეტანა მაინც მნიშვნელოვანია".

"სასამართლოს დამოუკიდებლობა დიდი დარტყმის ქვეშ თავად სასამართლომ დააყენა თავისი უკანასკნელი ნაბიჯებით. ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს, რადგან აუცილებელია გამოყენებული იქნას ყველა სამართლებრივი გზა საზოგადოების უფლებების დასაცავად", - აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, "სარჩელი ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევის შესახებ არის - პირველი, საყოველთაობის დარღვევა და მეორე, ფარულობის დარღვევა".

"ათასობით ჩვენი მოქალაქე ვერ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, რაც არღვევს კონსტიტუციურ უფლებას არჩევნების საყოველთაობის თაობაზე. ამასთან, დარღვეული იყო უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც არის ხმის ფარულობის დაცვა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის: 18 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის 19 ნოემბერს, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანდა.

პრეზიდენტის თქმით, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია.

ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს სასამართლოს იმედი, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ ყველა გზა უნდა სცადოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები