Accentnews.ge
ადვოკატები დაკავებული დემონსტანტების მონახულების შემდეგ ამბობენ, რომ მათ ძალადობის კვალი აღენიშნებათ

ადვოკატები დაკავებული დემონსტანტების მონახულების შემდეგ ამბობენ, რომ მათ ძალადობის კვალი აღენიშნებათ

19/11/2024 10:44:41 საზოგადოება

თბილისში, ჭავჭავაძისა და მექიქიშვილის გამზირებზე დაკავებული მომიტინგეების ნაწილის მონახულების შემდეგ ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფებს ძალადობის კვალი აღენიშნებათ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ დაკავების უსაფუძვლობაზე.

ერთ-ერთი დაკავებულის - ალექსანდრე ქავთარაძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ პოლიციელმა დემონსტანტზე დაკავების შემდეგ იძალადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მის წინააღმდეგ გამოყენებულია გადამეტებული ძალა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტომანქანაში ჩასმის მომენტი, როდესაც ერთ-ერთმა დამკავებელმა მას უთქვა, „ხომ დაგაკავეო“, რა თქმა უნდა, უცენზურო სიტყვებით და ამის შემდეგ სახეში დაარტყა ხელი, რისი კვალიც სახეზე ეტყობა ალექსანდრეს და ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საგამოძიებო სამსახურს.

დაკავების საფუძველი არ არსებობდა, რადგან არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა. სხვა პირებს აკავებდნენ და იქვე ახლოს იდგა ალექსანდრეც“.

იმავეს ყვება ადვოკატი შოთა ტყეშელაძეც და თვლის, რომ ამ მეთოდის გამოყენება დემონსტრანტების დაშინების მცდელობაა:

„ეს არის მცდელობა, დააშინონ ეს ადამიანები, საგამოძიებო სამსახური არასდროს ინტერესდება. ეს ადამიანები კვლავაც აპირებენ, თავისუფალ ადამიანებს შეუერთდნენ და არ ეშინიათ ყაჩაღი პოლიციელების. კადრებიც ვნახე - მათ არ ჩაუდენიათ სამართალდარღვევა“.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს დაზიანებები. რეალურად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს იმისთვის, რომ ბავშვის დაცვას ცდილობდა - პოლიცელების მხრიდან შეხლა შემოხლაში მოყვა ბავშვი და მას იცავდა“,- ყვება კიდევ ერთი ადვოკატი.

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ათობით შეტყობინდება შევიდა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას. თუმცა, გამოძიებას, შვიდის თვის თავზე, ჯერაც არ გამოუვლენია არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს აქციის მონაწილეების მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას 16 პირი დააკავეს. მათგან სამი - ორი დემონსტრანტი და „მთავარი არხის“ ოპერატორი - ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავები დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებიან. ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

შსს-ს განცხადებით, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ. ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. საპროტესტო აქცია მელიქიშვილზე გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S