
ბრიტანეთმა სანქციები დააწესა რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ უკრაინელი ბავშვების ინდოქტრინაციის გამო
19/11/2024 11:36:53 მსოფლიო
ბრიტანეთის ხელისუფლებამ 10 რუსი ოფიციალური პირისა და სახელმწიფოსთან დაკავშირებული ახალგაზრდული ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მათ იძულებით დეპორტაციასა და უკრაინელი ბავშვების ინდოქტრინაციის მცდელობაში დამნაშავედ ასახელებენ.
სანქციები დაწესდა იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის სისტემატურ მცდელობებში, წაშალოს უკრაინული კულტურული და ეროვნული იდენტობა, ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ 19 ათასზე მეტი ბავშვი წაიყვანეს რუსეთში.
2023 წლის მარტში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან „ომის დანაშაულზე, რომელიც მოიცავს მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“.