
ვაშაძე – მოქალაქეებს: 19:00სთ–ზე სრული მობილიზება მელიქიშვილზე და შემდგომ საინტერესო ნაბიჯსაც გაგაცნობთ
19/11/2024 11:48:44 საზოგადოება
ოპოზიციონელი პოლიტიკოსის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს დღეს 19:00 საათზე გააცნობს.
"19:00სთ–ზე სრული მობილიზება მელიქიშვილზე და შემდგომ საინტერესო ნაბიჯსაც გაგაცნობთ", - აცხადებს ვაშაძე.
ცნობისთვის: დღეს დილით საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ოპოზიციის ლიდერებმა თსუ–სთან საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს–ს ცნობით 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლებულია. მომიტინგეები ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან. ისინი გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას არ აპირებენ. ოპოზიციონელი ლიდრების თქმით, პროტესტი გაგრძელდება.