Accentnews.ge
"თსუ-ის ლექტორი ვარ თუ შსს-ს ოფიცერი?" - ლექტორების ნაწილი აკადემიურ საბჭოს მიმართავს სპეცრაზმისთვის უნივერსიტეტის დათმობაზე

"თსუ-ის ლექტორი ვარ თუ შსს-ს ოფიცერი?" - ლექტორების ნაწილი აკადემიურ საბჭოს მიმართავს სპეცრაზმისთვის უნივერსიტეტის დათმობაზე

19/11/2024 12:01:39 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილი საპოლიციო ძალებისთვის უნივერსიტეტის შენობის დათმობას აპროტესტებს.

„მივმართავ აკადემიურ საბჭოს! წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა “რუსულმა ოცნებამ” უნივერსიტეტს და ვალდებულები ხართ მოახეინოთ რეაგირება!

აქამდე გვესმოდა, რომ უნივერსიტეტი “აპოლიტიკური” იყო. სტუდენტების ჯგუფს ამ მიზეზით არ უშვებდნენ შაბათს შენობებში.

დაჯერება მიჭირს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად მოსულ პარტიის რობოკოპებს უნივერსიტეტში უმასპინძლეს. რა უნდოდა სპეცნაზს ჩვენს აკადემიურ სივრცეში? შეიკრიბეთ და გააკეთეთ განცხადება.

მერე, გადაწყვიტეთ მაგ საბჭოში რჩებით თუ არა“,- ამბობს მარიამ გერსამია.

იაგო კაჭკაჭიშვილი ასევე მიმართავს თსუ-ის აკადემიურ საბჭოს და პირადად რექტორს - ჯაბა სამუშიას:

„გთხოვთ, გააკეთოთ ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, გქონდათ თუ არა ინფორმაცია სპეცრაზმის თსუ-ის ეზოში მობილიზაციასთან დაკავშირებით?

ასევე, ველით თქვენს შეფასებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენადაც შეესაბამება იგი უნივერსიტეტის ე.წ. „მესამე მისიას“, რომელიც გულისხმობს თსუ-ის მონაწილეობას საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში

პირადად ჩემი პასუხი, მოკლედ, ასეთია: სპეცრაზმის პლაცდარმად თსუ-ის ტერიტორიის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად/დასარბევად, უხეშად არღვევს აკადემიური სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სტანდარტს!“.

ანალოგიური კითხვები აქვს ლადო ნაფეტვარიძესაც:

„გამაგებინეთ, რატომ იყენებდა უნივერსიტეტის სივრცეს სპეცრაზმი ოპერაციის დასაგეგმად? სად ვმუშაობ? თსუ-ის ლექტორი ვარ თუ შსს-ს ოფიცერი?

გასაგებია, რომ თუ არაფერი შეიცვალა, მალე არცერთი ვიქნები და მით უმეტეს - არც მეორე, მაგრამ ახლა სად და რისთვის ვმუშაობ ის გამაგებინეთ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას 16 პირი დააკავეს. მათგან სამი - ორი დემონსტრანტი და „მთავარი არხის“ ოპერატორი - ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავები დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებიან. ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

შსს-ს განცხადებით, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ. ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. საპროტესტო აქცია მელიქიშვილზე გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S