
"მრავალეროვანი საქართველო“: კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, მოვუწოდებთ შსს გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები
19/11/2024 13:00:01 საზოგადოება
„მრავალეროვანი საქართველო“ კატეგორიულად გმობს ძალადობას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პირზე, - ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები და უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა.
„მრავალეროვანი საქართველო“ ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ძალადობისა და კანონდარღვევის თითოეული შემთხვევის სწრაფი და სრულფასოვანი გამოძიება.
„საქართველოს მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს. აღნიშნული აქცია წარმოადგენს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას, რომლის უზრუნველყოფაც ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა.
„მრავალეროვანი საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
შეწყვიტოს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენება და მათი უკანონო დაკავება;
გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები და უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა;
ხელი შეუწყოს მედიის წარმომადგენლებს მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
„მრავალეროვანი საქართველო“ ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ძალადობისა და კანონდარღვევის თითოეული შემთხვევის სწრაფი და სრულფასოვანი გამოძიება. აუცილებელია მოძალადე პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება.
მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის უფლება, ისევე როგორც მედიის თავისუფლება, დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებებია, რომელთა დაცვა სახელმწიფოს უმთავრეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს“,-აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის: დღეს დილით საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ოპოზიციის ლიდერებმა თსუ–სთან საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს–ს ცნობით 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლებულია. მომიტინგეები ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან. ისინი გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას არ აპირებენ. ოპოზიციონელი ლიდრების თქმით, პროტესტი გაგრძელდება.