
"სიებით დგანან" - სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ თსუ-ში არ უშვებენ
19/11/2024 13:30:03 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა, ჩაინიშნა ლექციები, თუმცა სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ უნივერსიტეტში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
კერძოდ, მათი თქმით, დაცვის სამსახური აღჭურვილია სპეციალური სიებით, რომლითაც განსაზღვრულია დასაშვებ და დაუშვებელ პირთა წრე.
თავად დაცვის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარის გაკეთება გაკეთება არ ისურვეს, სტუდენტებთან დისკუსიაში კი აღნიშნავდნენ, რომ „ბევრი რამ დაზიანდა ბოლო სამ დღეში“, რასაც სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შესვლას ითხოვდნენ, არ დაეთანხმნენ, „ჩვენ დავაზიანეთ? გვანახეთ ის ადამიანი, ვინც დააზიანა“. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან განმარტება ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.
„სიებით დგას ადამიანი და სიებით უშვებს უნივერსიტეტში ხალხს. ეს შეურაცხყოფაა არა მხოლოდ ლექტორების და სტუდენტების, არამედ უნივერსიტეტის წინ არის პანთეონი, იმ პანთეონში არიან დასვენებული საქართველოს გამორჩეული პიროვნებები. სწორედ იმ ადამიანების ხსოვნის შეურაცხყოფაა, რომ დღეს ჩვენს უნივერსიტეტში, ჩვენს მეორე სახლში სიებით უშვებენ სტუდენტებს. ცოდნის ტაძარს გვიკეტავენ!“,- თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა მედიასთან.
„ამ უნივერსიტეტში აღზრდილმა ადამიანებმა ყველაზე უკეთ იციან თავისუფლების და ადამიანების უფლებების ფასი. დაცვის წარმომადგენლებს აქვთ „სქრინები“, რომელმა ლექტორმა, რომელმა სტუდენტმა რა „პოსტი“ დაწერა და ეს მანიშნებელია, რომ ისინი ემზადებიან მოსახლეობის დაშინებისთვის და განათლების ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვისთვის“,- გაუზიარა საკუთარი აღშფოთება ჟურნალისტებს კიდევ ერთმა სტუდენტმა.
„არ გვიშვებენ უნივერსიტეტში, რომელშიც ვსწავლობთ! განუკითხაობაა! გვითხრას უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, რატომ არ გვიშვებენ უნივერსიტეტში?“.- კითხულობს ერთ-ერთი სტუდენტი.
„გამოვიდეს ბატონი ჯაბა სამუშია და აგვიხსნას თსუ-ს სტუდენტებს, რატომ გაუღო კარები რობოკოპებს და რატომ შეუშვა? ასევე ვკითხულობ, თსუ-ს სტუდენტები, რატომ არ გვიშვებს უნივერსიტეტში?!“,- აინტერესებს კიდევ ერთ სტუდენტს.
მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილმა საპოლიციო ძალებისთვის უნივერსიტეტის შენობის დათმობის გამო გამოთქვა პროტესტი.
„მივმართავ აკადემიურ საბჭოს! წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა “რუსულმა ოცნებამ” უნივერსიტეტს და ვალდებულები ხართ მოახეინოთ რეაგირება!
აქამდე გვესმოდა, რომ უნივერსიტეტი “აპოლიტიკური” იყო. სტუდენტების ჯგუფს ამ მიზეზით არ უშვებდნენ შაბათს შენობებში.
დაჯერება მიჭირს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად მოსულ პარტიის რობოკოპებს უნივერსიტეტში უმასპინძლეს. რა უნდოდა სპეცნაზს ჩვენს აკადემიურ სივრცეში? შეიკრიბეთ და გააკეთეთ განცხადება.
მერე, გადაწყვიტეთ მაგ საბჭოში რჩებით თუ არა“,- თქვა მარიამ გერსამიამ.
იაგო კაჭკაჭიშვილმა ასევე მიმართა თსუ-ის აკადემიურ საბჭოს და პირადად რექტორს - ჯაბა სამუშიას:
„გთხოვთ, გააკეთოთ ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, გქონდათ თუ არა ინფორმაცია სპეცრაზმის თსუ-ის ეზოში მობილიზაციასთან დაკავშირებით?
ასევე, ველით თქვენს შეფასებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენადაც შეესაბამება იგი უნივერსიტეტის ე.წ. „მესამე მისიას“, რომელიც გულისხმობს თსუ-ის მონაწილეობას საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში
პირადად ჩემი პასუხი, მოკლედ, ასეთია: სპეცრაზმის პლაცდარმად თსუ-ის ტერიტორიის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად/დასარბევად, უხეშად არღვევს აკადემიური სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სტანდარტს!“.
ანალოგიური კითხვები აქვს ლადო ნაფეტვარიძესაც:
„გამაგებინეთ, რატომ იყენებდა უნივერსიტეტის სივრცეს სპეცრაზმი ოპერაციის დასაგეგმად? სად ვმუშაობ? თსუ-ის ლექტორი ვარ თუ შსს-ს ოფიცერი?
გასაგებია, რომ თუ არაფერი შეიცვალა, მალე არცერთი ვიქნები და მით უმეტეს - არც მეორე, მაგრამ ახლა სად და რისთვის ვმუშაობ ის გამაგებინეთ“.
***
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას 16 პირი დააკავეს. მათგან სამი - ორი დემონსტრანტი და „მთავარი არხის“ ოპერატორი - ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავები დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებიან. ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შსს-ს განცხადებით, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ. ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. საპროტესტო აქცია მელიქიშვილზე გრძელდება.