
ვაშაძე პოლიციას მიმართავს: "დაგვიბრუნეთ გატაცებული ტექნიკა"
19/11/2024 17:11:57 საზოგადოება
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიციას მიმართა.
მისი თქმით, "დღეს დილით სამართალდამცველებმა აქციის დარბევის დროს მათი "პიკაპები" გაიტაცა, რომელშიც აქციებისთვის საჭირო ტექნიკა ჰქონდათ განთავსებული".
„პარკინგზე იდგა ჩვენი „პიკაპები“, სადაც დატვირთული იყო ტექნიკა. როდესაც დავინახეთ, პოლიცია მოდიოდა, ჩვენ ავაგროვეთ ეს ყველაფერი, რათა დაგვებინავებინა და შემდგომში გამოგვეყენებინა. ახლა, ეს ტექნიკა და „პიკაპები“ უკანონოდ არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, როგორც გვითხრეს, „პეპელას“ ტერიტორიაზე. მოვითხოვთ, დაგვიბრუნოთ ჩვენი ტექნიკა იმიტომ, რომ ეს არის მორიგი უკანონო ქმედება თქვენი მხრიდან და ეს უკანონო ქმედება უნდა იყოს აღკვეთილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, მშვიდობიან მომიტინგეებს, დემონსტრანტებს ძალას ნუ უპირისპირებთ, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხი.
დღეს, ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს და მერწმუნეთ,სწორედ ჩვენ გამძლეობაზეა დამოკიდებული. ბევრი მოდიხართ და მეკითხებით, რას იზამს დასავლეთი, ჯერ კითხვა უნდა დავსვათ, რას ვიზამთ ჩვენ და მერე უნდა დავსვათ კითხვა, რას იზამს დასავლეთი. როცა ჩვენ ვიზამთ, მერე დასავლეთიც იზამს. როცა ჩვენს ბრძოლას დაინახავენ, ყველა ჩვენ გვერდით დადგება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.