
ჯაფარიძე: 500–მა კაცმა ორი ღამე არ დააძინა მთელი პოლიცია
20/11/2024 03:25:22 საზოგადოება
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ 500–მა კაცმა ორი ღამე არ დააძინა მთელი პოლიცია და ქუჩაში ბევრი ხალხის გამოსვლის შემთხვევაში "უკვე დამთავრებული იქნება ამათი [ხელისუფლების] ამბავი".
"დავინახეთ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპრტამენტის (გდდ) ხალხი ნაფარეულის ქუჩიდან რომ ავიდნენ და მივხვდით, რომ საიდანღაც რაღაც ალყის დარტყმას აპირებდნენ. მივხვდით, რომ კეკელიძისკენ აპირებდნენ გამოსვლას და წინასწარ გადმოვიწიეთ მელიქიშვილზე, შესაბამისად, თავიდან ავიცილეთ ყოველგვარი დაპირისპირება ნიღბიან, უცნობ, კუნთმაგარ ხალხთან. მაგრამ აქ მთავარი ამბავი არის, რომ ახლა აქ ალბათ, 500 კაცი ვართ და 500–მა კაცმა მოახერხა, რომ ორი ღამე არ უძინია მელიციას თავის გდდ-იანად და როცა ვიძახი, რომ ხალხი უნდა გამოვიდეს, ამას ვგულისხმობ. ახლა რომ არსებობდეს მეორე 500 კაცი, რომელიც სადღაც იქნება და გადაკეტილი ექნება რაღაც მონაკვეთი, პოლიციის მეორე ნახევარსაც არ დააძინებენ რამდენიმე დღე და მესამე 500 კაცის შემთხვევაში უკვე დამთავრებულია ამათი ამბავი. ასეთი მარტივია სინამდვილეში ეს ყველაფერი. ამიტომ არის საჭირო ბევრი ხალხი ქუჩაში. 500–მა კაცმა ორი ღამე არ დააძინა მთელი პოლიცია", – განაცხადა მან.
ცნობისთვის: სამართალდამცველები თსუ–სთან დღეს დილის დაახლოებით 6:00 სთზე გამოჩნდენ. პოლიციის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებთან მივიდნენ და განუმარტეს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ, მათ აქციის მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა მისცეს დასაშლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააფრთხილეს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ სავალი გზის გასათავისუფლებლად.
დაახლოებით 15 წუთში პოლიციამ დაიკავა ჭავჭავაძის გამზირი, მათ გზიდან გადაწიეს სკამები რომლითაც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ ჭავჭავაძის გამზირი უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის მონაკვეთზე და დაიძრნენ მელიქიშვილის მიმართულებით. პოლიციას ეკავა ვარაზისხევის ამოსასვლელიც და კეკელიძის ქუჩაც.
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხება არ მომხდარა. დემონსტანტები უკან იხევდნენ და სკანდირებდნენ "რუსებო", "მონებო". მას შემდეგ რაც პოლიციელები მელიქიშვილს გამზირზე სასტუმრო "საქართველოს" გაუსწორდენ ადგილზე გაჩერდნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები.