
პენტაგონის წარმომადგენელი: რუსეთმა უკრაინის მიერ გასროლილიამერიკული ATACMS-ის 8 რაკეტიდან მხოლოდ 2 მოიგერია
20/11/2024 04:44:13 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის მიერ გასროლილი ამერიკული წარმოების შორი რადიუსის ATACMS-ის ტიპის 8 რაკეტიდან მხოლოდ 2 მოიგერია, – იუწყება Reuters პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
მისი თქმით, უკრაინელებმა გაისროლეს რვა ATACMS, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კი მხოლოდ ორი ჩამოაგდო.
პენტაგონის წარმომადგენელმა უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსია. კერძოდ, მოსკოვის ცნობით, ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩოვის მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტს თითქოს ექვსი რაკეტა ესროლეს და მათგან ხუთი ჩამოგდებულ იქნა, ერთი კი დაზიანდა და მისი ნამსხვრევები ჩამოვარდა ობიექტის ტერიტორიაზე.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რუსეთის წინააღმდეგ ATACMS-ის გამოყენება, მაგრამ დეტალები არ გაუსაჯაროებია.
ეს ATACMS–ის გამოყენების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კვირას უკრაინელებს უფლება მისცა, ATACMS რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს.