
არსებული ინფორმაციით, თსუ-ის რექტორი სტუდენტების მოთხოვნას დათანხმდა, უპასუხოს შეკითხვებს
20/11/2024 08:27:29 პოლიტიკა, საზოგადოება
არსებული ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია სტუდენტების მოთხოვნას დათანხმდა და მათ შეკითხვებს უპასუხებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სტუდენტებმა უთხრეს, რომლებიც საუნივერსიტეტო სივრცეში საჯარო ლექსიას მართავენ დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობაზე.
ჯერჯერობით უცნობია, როდის, რა ფორმატში შედგება შეხვედრა.
სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს. საპროტესტო აქციების მონაწილე სტუდენტებმა გასულ ღამეს ერთ- ერთი აუდიტორია დაიკავეს. ისინი რექტორის გადადგომას მოითხოვენ. საკითხი მას შემდეგ დაისვა, რაც 19 ნოემბრის გამთენიისას, საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილის თსუ-ის ეზოში შესვლის კადრები გავრცელდა.