
ქაცარავა ცემის შემდეგ მის დაჯარიმებაზე: ისე გააკეთეს, რომ აპელაციის ვადაც დასრულდა და ეს გადაწყვეტილება შევიდა ძალაში
20/11/2024 11:09:07 საზოგადოება
ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელ დავით ქაცარავას ცნობით, მისი დაჯარიმების გადაწყვეტილება ძალაში ისე შევიდა, რომ არც ადვოკატს და არც მას არავინ დაკავშირებია. საქმე ეხება "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციებზე მის დაკავებას, რა დროსაც საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა ქაცარავაზე იძალადეს. მისი კლინიკაში მოთავსება გახდა აუცილებელი, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. მოგვიანებით სასამართლომ ქაცარავა დააჯარიმა 2000 ლარით.
ქაცარავა ამბობს, რომ გადაწყვეტილება მასთან ფოსტით გააგზავნეს და ახლა კი ის აღსრულების ეტაპზეა.
"დამირეკა ადვოკატმა - გემახსოვრებათ ჩემი ცემის საქმე, რაზეც სასამართლომ დამაჯარიმა 2000 ლარით. გადაწყვეტილება ამ ჯარიმასთან დაკავშირებით ფოსტით ფაქტობრივ მისამართზე გამოაგზავნეს - ოღონდ, როგორც აღმოჩნდა, კოდირებულ კარებს მოადგნენ და არც უცდიათ დაკავშირება. "არ მოიძებნაო ქაცარავაო". მეორე მისამართზეც გააკეთეს ჩანაწერი - იურიდიულზე, სადაც ჩაწერილი ვარ - ის მისამართი უბრალოდ არ იპოვეს. არც ადვოკატებს დაუკავშირდნენ და არც ჩემთან გადაუმოწმებიათ. ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე გამოუქვეყნებიათ სასამართლოს საიტზე. ისე გააკეთეს, რომ აპელაციის ვადაც დასრულდა და ეს გადაწყვეტილება შევიდა ძალაში. ეხლა უნდა გადასცენ აღსრულებას. მოკლედ, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს სასამართლო კი არა, ბიძინას კანტორაა",- აღნიშნავს ქაცარავა.