საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოების ნაწილი: "ვგმობთ თსუ–ს სივრცის ბოროტად გამოყენებით მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას"

20-11-2024 19:55:45 საზოგადოება

საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოების ნაწილი „მკაცრად გმობს 19 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლებების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას”.

„ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლებების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას. უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის, დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა. კარები ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად. ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს. არღვევს აკადემიურ დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას. საგანმანათლებლო სივრცეები, განსაკუთრებით კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი უნდა იყოს ადგილი, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლება - გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად მრწამსისა, თუ შეხედულებებისა. ეს პრინციპი, რომელიც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობის ფუნდამენტია, უხეშად დაირღვა.

ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც უგულებელყოფს სტუდენტების უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას, აკადემიური საზოგადოების მკაცრ პროტესტს მიიღებს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, ჩვენს მიერ არჩეულ აკადემიურ საბჭოს და რექტორს, რომელიც ამ დრომდე დუმს. მას განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

ჩვენ ვიზიარებთ ახალგაზრდა თაობის მტკიცე ნებას დაიცვან საქართველოს ევროპული კურსი და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. ეს ბრძოლა, მხოლოდ სტუდენტების ბრძოლა არ არის, ეს ჩვენი საზოგადოების ერთიანი ბრძოლაა, რომელიც ემყარება დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარების საფუძველს ქმნის. ჩვენი მოვალეობაა ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის. უნივერსიტეტი ვერ გახდება ჩაკეტილი სივრცე ან ძალადობის თანამონაწილე. იგი უნდა დარჩეს თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და პროგრესის მთავარ კერად”, - აღნიშნულია საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოების ნაწილის მიერ გაჟღერებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები