20-11-2024 21:51:42 საზოგადოება ,სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებულ მოქალაქე ისაკო დევიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, – იუწყება "მთავარი არხი".
გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
19 ნოემბრის დილით საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ოპოზიციის ლიდერებმა თსუ–სთან საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს–ს ცნობით, 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მოგვიანებით, მათგან 3 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.