აქტივისტი ნიკო მანაგაძე საგამოძიებოში დაიბარეს ჟურნალისტისთვის "ხელის შეშლის" გამო

21-11-2024 11:42:47 საზოგადოება ,სამართალი

აქტივისტი ნიკო მანაგაძე ამბობს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული. საქმე იმედის ჟურნალისტისთვის "საქმიანობაში ხელის შეშლას" ეხება.

როგორც მანაგაძე ამბობს, საგამოძიებო სამსახურს ტელეკომპანია "იმედმა" მიმართა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო და უნდა გამოცხადდეთ უწყებაშიო. რა მოხდა: "იმედის" ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ვკითხე, გმობდნენ თუ არა მათ კოლეგაზე ("მთავარი არხის" ოპერატორზე) პოლიციის მხრიდან ძალადობას, კამერის დამტვრევას და მის უკანონოდ დაკავებას. და უთხრეს თუ არა ამის შესახებ თავიანთ მაყურებელს, გაუშვეს თუ არა ამის ამსახველი კადრები ეთერში... (ტელევიზია, რომელიც მუდმივად 7 ნოემბერზე და თავიანთი ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე აპელირებს, წინა ხელისუფლების კონტექსტში). და ტრაგიკომიკური ისაა, რომ იმ "პოლიციელებზე" კი არ აღძრეს საქმე, რომლებმაც (რბილად რომ ვთქვათ) მართლა ხელი შეუშალეს მედიის წარმომადგენელს ბრუტალური მეთოდებით მუშაობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დაულეწეს და დააკავეს, მე გამომაცხადეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შემშლელად, ამაზე კითხვა რომ დავუსვი პირდაპირ ეთერში მათ "კოლეგებს". საქართველო. 2024. პ.ს. ტელეკომპანია "იმედმა" მოგვმართა ამასთან დაკავშირებითო", - წერს აქტივისტი.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ 18-19 ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა მედიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას“, – წერია განცხადებაში.

არაერთმა მედიასაშუალების წარმომადგენელმა განაცხადა საპროტესტო აქციის დაშლის პროცესში მათზე საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობისა და ხელშეშლის შესახებ, ხოლო "მთავარი არხის" ოპერატორი დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები