
აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული მოქალაქეების პროცესი 22 ნოემბრამდე გადაიდო
21/11/2024 09:00:26 საზოგადოება
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული 2 მოქალაქის, ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 21 ნოემბერს, 16:30-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა, ის გადაიდო და პროცესი ხვალ, 22 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიმართება.
საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის ნათესავები "ტვ პირველთან" საუბრისას ამბობენ, რომ სასამართლო ხელისუფლების დავალებით მოქმედებს, რათა საქმეზე გაიწელოს და პრეზიდენტმა ვადის ამოწურვამდე დაკავებულთა შეწყალებაა ვეღარ მოასწროს.
14 მაისის აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ომარ ოკრიბელაშვილი და 2001 წელს დაბადებული საბა მეფარიშვილი 16 მაისს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მუხლი თავისუფლების 3–დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.