21-11-2024 15:04:36 პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.
"მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს. მინდა გთხოვოთ, რომ ერთად დავიცვათ საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის არსი, შინაარსი და აზრი. ასევე, ერთად დავიცვათ არჩევნების, როგორც მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის შინაარსის და აზრის, საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილებისთვის.
მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს ქუჩებში ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს და არჩევნების შედეგებს. ისევე, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თქვენი სახელმწიფოების და ევროკავშირის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია სრულყოფილი დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს.
ამ არგუმენტებიდან გამომდინარე მინდა გთხოვოთ, რომ არ დაესწროთ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და ამით დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ნება, რომ შემდგომი არჩევნები მოპარული არ იყოს. დავიცვათ შემდგომი არჩევნების შინაარსი და აზრი. დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება არჩევნებით და მშვიდობიანად ჰქონდეთ შესაძლებლობა, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში შეცვალონ ხელისუფლება“, - აღნიშნა გახარიამ.
მისივე თქმით, "2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები სისტემურად გაყალბებული იყო".
„სისტემური ხასიათის სამი ძირითადი ფაქტორი იყო. ეს იყო ფარულობა, კომისიების ფორმირება სრულად „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირებით, ასევე, ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების სისტემური გამოყენება, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომ დღეს, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც ჩვენი მოქალაქეები, ამ არჩევნების შედეგებს არ იღებენ, როგორც ლეგიტიმურს და სამართლიანს. „ქართულ ოცნებას“ ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა იმისთვის, რომ ეს კრიზისი არ მომხდარიყო და ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოეყვანა. მათ უბრალოდ შეეძლოთ გამოექვეყნებინათ არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების სია და ამით ყველა კითხვას გაეცემოდა პასუხი. ისინი საპირისპიროდ მოიქცნენ და დაიწყეს ხელოვნური „ფეიქ“ გამოძიება და პროკურატურას, ფაქტობრივად, ტყვედ ააყვანინეს ის აპარატურა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახება.
დღეს, როდესაც ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ როდესაც თითოეული საქართველოს მოქალაქე თვლის, რომ არჩევნები და ხმა მას მოჰპარეს, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების - ლეგიტიმაციის მიღების. მეორეს მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამ არჩევნებს არ ვთვლით, არც სამართლიანად და არც დემოკრატიულად. შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ მანამ, სანამ არ ჩატარდება სრულფასოვანი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური გამოძიება და ყველა ლეგიტიმურ კითხვას, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრულფასოვანი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.