გახარია –მოქალაქეებს: "იმ დღეს, როდესაც ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა, ყველამ ერთად გავაგონოთ საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას"

21-11-2024 15:13:42 პოლიტიკა

"საქართველის თითოეულ მოქალაქეს და ჩვენ მხარდამჭერს მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო, რომ იმ დღეს, როდესაც ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა – საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ არ ვთვლით ამ არჩევნებს არც სამართლიანად, არც დემოკრატიულად და შესაბამისად, არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს მანამ, სანამ არ ჩატარდება სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ნეიტრალური გამოძიება და ყველა კითხვას არ გაეცემა სრულფასოვანი პასუხი", – ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები