
"კოალიცია ცვლილებისთვის": მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ მათ და მათ ოჯახებს
21/11/2024 14:38:50 პოლიტიკა, საზოგადოება
"კოალიცია ცვლილებებისთვის" სოლიდარობას უცხადებს აქციებზე დაკავებულებს და გამოთქვამს მზაობას, მათ "ნებისმიერი სახის დახმარება" გაუწიოს. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია საუბარი.
"სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ "ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ მათ და მათ ოჯახებს.
"ქართული ოცნება", ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, უკანონოდ, ძალისმიერი მეთოდებით აკავებს ქართველ პატრიოტებს, მათ, ვინც, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში, მშვიდობიანად ითხოვენ ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რაც არის ჩვენი სამშობლოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი გზა და, შესაბამისად, საშუალება, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მოიპოვოს გარანტირებული უსაფრთხოება, მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და ბედნიერება.
ივანიშვილის რეჟიმი ვერ მიაღწევს მიზანს, დააშინოს და გააჩეროს საქართველოს მოქალაქეები - ისტორია გვაჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ყველაზე ერთიანი, მტკიცე და პრინციპული არის მაშინ, როდესაც სისტემა ჩაგვრასა და რეპრესიებზე გადადის".