
პრეზიდენტი - ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს!
21/11/2024 15:13:58 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება 19 ნოემბერს აქციის დაშლისას განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ.
“სადამსჯელო ღონისძიებები [მიმდინარეობს] ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ: საპოლიციო ძალების მიერ ცემები, დაკავებები და 7 წლამდე პატიმრობის მუქარები. ამ გოგოს ხუთ პოლიციელზე თავდასხმას აბრალებენ!!!” , - წერს X-ზე ზურაბიშვილი და აზიარებს გოგონას, ლიზი თირქიას ფოტოს, რომელმაც “ფეისბუქში“ დაწერა: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს და მეუბნებიან, რომ აქციაზე 5 პოლიციელს თავს დავესხი, გავიქეცი და ვიმალები”.
19 ნოემბერს 16 პირი დააკავეს. მათგან სამი ივავე დღეს ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ორს 8-8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ, ერთს 2 700-ლარიანი ჯარიმა. გარდა ამისა, 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"მხნედ არის, საბრძოლო განწყობაზეა. მოტყუებით გაიყვანეს, უთხრეს გიშვებთო და იქვე გამომძიებლები დახვდნენ. 10 წუთიანი პროცედურაა აგიყვანთ და მალე ჩამოგიყვანთო, უთხრეს. მისთვის უფლებები არ განუმარტავთ.
ჯოხის ქნევის ფაქტთან დაკავშირებით დაკითხეს. ამბობს, შემეშინდა და ვიქნევდი, არავისთვის ჩამირტყამს, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო" - ამბობს ადვოკატი ბექა კვინიკაძე.