21-11-2024 20:13:33 პოლიტიკა
"საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ საარჩევნო სიებისწარმომადგენლებთან ინდივიდუალურად ცდილობს "ქართული ოცნება" მოლაპარაკებას, თუმცა იქვე ამბობს, რომ მასთან კომუნიკაციის მცდელობა იგივე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან არ ყოფილა, რადგან პასუხი იციან.
"არ არის და ვერც იქნება [კომუნიკაციის მცდელობა], რადგან ძალიან კარგად იციან, პასუხად რასაც მიიღებენ. ის, რომ ეს ხალხი ცდილობს ინდივიდუალურად ვიღაცას ემუშაოს - ვიღაცა მოისყიდოს, ვიღაცა დააშინოს, რა თქმა უნდა, მე ამის მჯერა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს.[...]
შესაძლოა, რაღაცას მიაღწიონ კიდეც, რა თქმა უნდა, ამაზე თავს ვერავინ დადებს, მაგრამ სისტემურად, მე ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია. ამიტომ, ინდივიდუალურად ვის ელაპარაკებიან, ვის აშინებენ...ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ეს სამართალს, კანონიერების და ყველაფრის მიღმაა. მათაც ხომ ძალიან კარგად იციან, როგორ დაიწერეს 54%. ეს ხომ შინაგანი რწმენის ამბავი არაა",- თქვა გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში.
მან ასევე თქვა, რომ ჯერ-ჯერობით არ აპირებს, პარლამენტს მიმართოს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, იმავდროულად იმეორებს, რომ არ აქვს გეგმაში, ლეგიტიმაცია მიანიჭოს ამ პარლამენტს.