
"თავისუფლება მათე დევიძეს!" - დემონსტრანტებმა მელიქიშვილზე გადაინაცვლეს
21/11/2024 16:33:08 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს.
ისინი ამ შესტით მხარდაჭერას უცხადებენ 19 ნოემბერს დაკავებულ ადამიანებს, მათ შორის მათე დევიძეს, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
"დააკავეს ჩვენი მეგობარი, რომელსაც 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება. გვინდა, მას მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, შემდეგ კი ვაპირებთ კვლავ უნივერსოტეტის ეზოში დაბრუნებას",- თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
2003 წელს დაბადებულ მათე დევიძეს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"მხნედ არის, საბრძოლო განწყობაზეა. მოტყუებით გაიყვანეს, უთხრეს გიშვებთო და იქვე გამომძიებლები დახვდნენ. 10 წუთიანი პროცედურაა აგიყვანთ და მალე ჩამოგიყვანთო, უთხრეს. მისთვის უფლებები არ განუმარტავთ.
ჯოხის ქნევის ფაქტთან დაკავშირებით დაკითხეს. ამბობს, შემეშინდა და ვიქნევდი, არავისთვის ჩამირტყამს, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო" - ამბობს ადვოკატი ბექა კვინიკაძე.
პატიმრობაში რჩება აქციაზე დაკავებული ორი მომიტინგეც - მათ 8-8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ.