21-11-2024 23:13:19 მსოფლიო
ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 20 ნოემბერს შეიწყალა კიდევ 32 პოლიტპატიმარი.
ისინი გასამართლებული იყვნენ „ექსტრემიზმის“ მუხლით. შეწყალებულთა შორის 8 ქალი და 24 მამაკაცია. მათი ვინაობა არ სახელდება.
"ყველა მათგანმა აღიარა დანაშაული, მოინანია ჩადენილი და შეიტანა შუამდგომლობა შეწყალების შესახებ",- თქვეს ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურში.
ბოლო 5 თვეში ლუკაშენკომ ჯამში 178 პოლიტპატიმარი შეიწყალა.
2020 წლის არჩევნების შემდეგ გამართული მასშტაბური აქციები უსაფრთხოების ძალებმა რეპრესიებით ჩაახშეს. უფლებადამცველთა მონაცემებით, აქციების დაშლისას დაიღუპა, სულ მცირე, რვა ადამიანი. ხელისუფლებამ აღძრა სისხლის სამართლის ათასობით საქმე. ასობით მოქალაქეს, ოპოზიციის ლიდერების ჩათვლით, ხანგრძლივი ვადით მიესაჯა პატიმრობა. ბელარუსში ამჟამად არის ათასზე მეტი მსჯავრდადებული, რომლებიც უფლებადამცველ ორგანიზაციებს პოლიტპატიმრებად ჰყავთ აღიარებული.