22-11-2024 10:08:24 საზოგადოება ,სამართალი
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლო მათ საჩივარს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის/არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ამჯერადაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
ორგანიზაცია ამბობს, რომ სასამართლო საჩივარს დღეს, 12:00 საათზე, მხარეთა დასწრების გარეშე განიხილავს.
"ამასთან დაკავშირებით საიამ დამატებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზეპირ სხდომაზე საქმის განხილვა, რადგან მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა განიხილოს ახალი შუამდგომლობებიც, რისთვისაც მხარეთა მოსაზრებების მოსმენაც მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, მხარეთა შორის სადავოა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები. საჩივარი თავისი შინაარსის და სპეციფიკის გათვალისწინებით შეეხება კონსტიტუციური პრინციპების დარღვევას. ვინაიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ ინსტანციას საარჩევნო დავების მიზნებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს, მნიშვნელოვანია, მხარეებს ზეპირ სხდომაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
საია საჩივრით დამატებით ითხოვს სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებას, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან", – წერს ორგანიზაცია.