ღარიბაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო

13-02-2020 23:28:50 თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართული შეხვედრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მისიაში მონაწილე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა საერთო ღირებულებებისა და უსაფრთხოების პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ათწლეულზე მეტია, ერთ სულ მოსახლეზე და ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, საქართველო ნატო-ს ეგიდით მიმდინარე მისიების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და ასევე, ევროკავშირისა და გაერო-ს საერთაშორისო მისიების აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობას და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის პარალელურად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს მირჩა ჯოანს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები