
სააკაშვილის პასუხი კრემლის მიერ მიგზავნილ ჟურნალისტებს (ვიდეო)
31/05/2019 07:26:59 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
რუსეთის ხელისუფლების მიერ მართულმა ცენტრალურმა ტელეარხებმა საქართველოს ექს–პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ერთდროულად რამდენიმე ჟურნალისტი მიუგზავნეს, რომლებიც პროვოკაციული კითხვებით ცდილობდნენ, იგი წონასწორობიდან გამოეყვანათ, დაებნიათ და ეს კამერებზე აესახათ. თუმცა ეს მცდელობა ჩავარდა.
„აქცენტი“ ამ საუბრის შინაარსის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:
პირველი ჟურნალისტი: [...] ბატონო სააკაშვილო, უკვე ბოლოს ამბობდით, რომ პოროშენკოს უკრაინა უფსკრულისკენ მიჰყავდა. მერე ხალხმა პოროშენკო თავად გააგდო. მაგრამ რუსეთი ამ ყველაფერს ჯერ კიდევ 2014 წელს პროგნოზირებდა. გამოდის, რომ რუსეთი მართალი იყო?
სააკაშვილი: რა მნიშვნელობა აქვს, რას ამბობდა რუსეთი? რუსეთში ზოგადად იმდენი იდიოტობა ითქმის სხვადასხვა საკითხევბზე, რომ დიდი ხანია, აღარ ვაქცევთ ამ ბოდვას ყურადღებას. დამშვიდდით,მეგობრებო, ყველაფერი კარგად იქნება. აი, ხომ ხედავთ? - უკრაინელებმა ზელენსკი აირჩიეს. ასე მუშაობს დემოკრატია: გამოჩნდა ისეთი ადამიანი, როგორიც ზელენსკია? – ხალხმა ხელისუფლება შეცვალა. არ ვიცი, რუსეთში თუ გყავთ ვინმე მსგავსი. გყავთ?
პირველი ჟურნალისტი: გვყავს – გალუსტიანი [რუსეთში მოღვაწე სომეხი კომიკოსი მიხეილ გალუსტიანი]...
სააკაშვილი: ჰოდა, აირჩიეთ გალუსტიანი... წავიდეს შემდეგ არჩევნებეზე ხალხი, თქვას, „მოგვბეზრდა პუტინი და ავირჩიოთ გალუსტიანიო“ – და გალუსტიანი გახდება რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი კი დამსახურებულად დაისვენებს. ასე მუშაობს დემოკრატია. არ მოგბეზრდათ, 20 წელი ერთსა და იმავე ადამიანს უყუროთ?! შეიტანეთ ცოტა მრავალფეროვნება ცხოვრებაში! აი, უკრაინელებს პოროშენკო 5 წელიწადში მობეზრდათ და შეცვალეს. დემოკრატია საათივით მუშაობს: ხალხი თავად წყვეტს, ვინ როდის გააგდოს და მის ადგილზე ვინ მოიყვანოს... თქვენ, რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტები, მოვლენებს იქაური გადასახედიდან აფასებთ, – „დედა, რა ხდება, პოროშენკო გააგდესო“... და რატომ არ გსურთ, იგივე გააკეთოთ თქვენთან, ეს ხომ ისეთი მაგარია! როცა ვიღაც გბეზრდება, ადგე და მოიშორო!, დანიშნო ახალი - ეს რა, მშვენიერი არ არის?! მოგბეზრდათ ვინმე? – გაუშვით ჯანდაბაში!
მეორე ჟურნალისტი: მაგრამ ამბობენ, რომ ხალხმა ზელენსკის კი არ მისცა ხმა, არამედ პოროშენკოს წინააღმდეგ მისცა...
სააკაშვილი: ხალხო, როდის მორჩებით სხვა ქვეყნების ჭუჭრუტანებში ჭოგრიტით ყურებას? თვენთვისვე უკეთესი არ იქნება, ჯერ საკუთარ ქვეყანაში მოაგვაროთ ის უამრავი პრობლემა, რომელიც გაქვთ?! სხედხართ, როგორც ჭორიკანა მეზობელი, მეზობელს ჭუჭრუტანიდან უთვალთვალებთ, ცემა თუ არა ისევ ცოლი... გააკეთეთ ერთხელ მაინც იგივე, რაც უკრაინელმა ხალხმა, დაიწყეთ დემოკრატიაში ცხოვრება და მერე ვისაუბროთ სხვა ქვეყნებზე.
მეორე ჟურნალისტი: მაგრამ ჩვენ უკრაინელებთან სისხლით ნათესავობა გვაკავშირებს და როგორ ვიყოთ გულგრილები?!
სააკაშვილი: გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ცუდ ნათესავთან ურთიერთობა ვის უნდა?! ჯერ თქვენ თვითონ დალაგდით რუსეთში, ჩამოაყალიბეთ ნამდვილი პოლიტიკა, გახდით ნამდვილი და არა პროპაგანდისტი ჟურნალისტები, დაამყარეთ სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია და კი ბატონო, ყველაფერი კარგად იქნება, თქვენთანაც ყველას მოუნდება ნათესავობაც და მეგობრობაც. რაც მთავარია, თავად თქვენთვის გახდება ცხოვრება საამური და დამერწმუნეთ, გაგიქრებათ მუდმივად სხვის ჭუჭრუტანებში ცქერის სურვილი, დატკბებით საკუთარი ცხოვრებით.
მეორე ჟურნალისტი: და თქვენ ვინ გელოდებათ უკრაინაში და რა ხარისხში?
სააკაშვილი: გამომყევით და ნახავთ, ვინ დამხვდება ბორისპოლში. მინდა, გითხრათ, რომ უკრაინა აღსავსეა სიურპრიზებით, ეს რუსეთშია ჭაობი!
პირველი ჟურნალისტი: თბილისში გელოდებიან?
სააკაშვილი: თბილისშიც ჩავალ, რა თქმა უნდა, ეს გზად არის. მაგალითად, ვარშავიდან რომ თბილისში წახვიდე, კიევი უნდა გაიარო. ასე, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, დამშვიდდით, მეგობრებო. ეს ჰალსტუხი კი პუტინს გადაეცით „ნოვიჩოკთან“ ერთად... მეტსაც გეტყვით, თბილისშიც როცა მოვაგვარებ პრობლემებს, თუ თქვენ იმ დროისთვის თქვენს მობეზრებულ პრეზიდენტს შეცვლით და დემოკრატიას დაამყარებთ, თქვენთანაც ჩამოვალ... ან იქნებ ქალი აირჩიოთ შემდეგ პრეზიდენტად – პირველი ქალი პრეზიდენტი. გყავთ კომიკოსი ქალები?
პირველი ჟურნალისტი: აი, თქვენ ამბობთ, რომ ზელენსკი მოგწონთ, მაგრამ მისი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი დიდად არ გწყალობდათ...
სააკაშვილი: ხალხო, მოეშვით უკრაინას, დაკავდით საკუთარი პრობლემებით... მე მესმის, უკრაინა რუსეთისთვის ინტერესს წარმოადგენს, მაგრამ იმდენად საინტერესო ხომ არ არის, რომ საკუთარი პრობლემების გადაჭრა გადადოთ?! გაერკვიეთ ჯერ თქვენს პოლიტიკოსებთან, დაალაგეთ რუსეთში ვითარება, ჩვენ კი უკრაინაში რამენაირად უთქვენოდ გავერკვევით.
პირველი ჟურნალისტი: მე მაინც დაგიბრუნებთ ამ ჰალსტუხს...
სააკაშვილი: არ მინდა, გადაეცით პუტინს „ნოვიჩოკთან“ ერთად. მერე ჭაჭასაც გავუგზავნი - „ნოვიჩოკს“ არაჩვეულებრივად ხსნის და ФСБ-ს აგენტებისთვის ნამდვილი მისწრებაა, საუკეთესო საჩუქარი. მე კი უკრაინაში იმას დავლევ და იმას ჩავიცვამ, რასაც საჭიროდ ჩავთვლი.
პირველი ჟურნალისტი: ხომ არ გსურთ, ტელეარხ „როსსია 1“–ის მაყურებელს მიმართოთ?
სააკაშვილი: ვფიქრობ, ამას ჩემს გარეშეც მოახერხებთ: თქვენ ხომ ოსტატები ხართ [ყალბი] კადრებისა და ამბების მომზადების, თქვენ საკუთარი პარალელური რეალობა გაქვთ და რაღა საჭიროა ჩემი მიმართვა?!
პირველი ჟურნალისტი: მაგრამ თქვენ ხომ ამბობდით, რომ საქართველო რუსეთისთვის მეგობრულად განწყობილი ქვეყანა იყო, შეიცვალა ეს თქვენი დამოკიდებულება?
სააკაშვილი: დამერწმუნეთ, რუსეთში დღესაც არსებობს ჩემს მიმართ და საქართველოს მიმართ იმაზე ბევრად მეტი კეთილგანწყობილი მოქალაქე, ვიდრე პუტინს წარმოუდგენია. ასეთ ადამიანებთან ჩვენ აუცილებლად ვიმეგობრებთ. რაც შეეხება ყველა დანარჩენს – მათ, ვისაც ხალხებს შორის მეგობრობა არ სურს, მეზობლებთან დაძაბული ურთიერთობები ურჩევნია, მათთან – ბოდიში ...
პირველი ჟურნალისტი: ზედმეტად ფრთხილად ხომ არ საუბრობთ? ადრე უფრო რადიკალური ბრანდებოდით...
სააკაშვილი: და რას ელით ჩემგან? – თავს დაგესხათ, გიყვიროთ, თუ რა?! მე ამ თქვენს საქმიანობას იუმორით ვეკიდები.
პირველი ჟურნალისტი: მე სერიოზულ კითხვებს გისვამთ, თქვენ კი ფრთხილ, არაერთმნიშვნელოვან პასუხებს მცემთ. ნუთუ არ გსურთ, რაიმე განცხადებები გააკეთოთ?
სააკაშვილი: განცხადებებს აუცილებლად გავაკეთებ მშობლიურ უკრაინულ მიწაზე, შემდეგ - მშობლიურ ქართულ მიწაზე, ამ ქვეყნების თავისუფალი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.